ინტერპოლით ძებნილმა რუსმა ბიზნესმენმა სერგეი ბოკარევმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა და სასამართლო პროცესი ახლაც გრძელდება.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, სერგო რატიანის თქმით, ექსტრადირების შესახებ რუსეთის პროკურატურის თხოვნის შესრულება საქართველოსთვის "დამაზიანებელი და სამარცხვინო" იქნება.
"სერგეი ბოკარევი საქართველოში ჩამოვიდა თავის მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად და რუსეთის პროკურატურა ითხოვს მის ექსტრადირებას. საქართველოსთვის დამაზიანებელი და სამარცხვინო იქნება, თუ წულუკიანის და ბიძინა ივანიშვილის სასამართლო კიდევ ერთხელ შეასრულებს რუსეთის პროკურატურის მოთხოვნას,"- განაცხადა სერგო რატიანმა.
ბოკარევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, რუსი ბიზნესმენი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერისთვის იდევნება.
"ის მხარს უჭერს ერთ-ერთ გავლენიან ოპოზიციურ ლიდერს, ნავალნის მატერიალურად და იდეურადაც, შესაბამისად, მის წინააღმდეგ შეკერეს სისიხლის სამართლის საქმე, როგორც იციან ხოლმე და ამის გამო ის იდევნება. საქართველოს ხელისუფლება ძალიან ძუნწია, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მიმართ, გასაგები მიზეზების გამო,"- განაცხადა ადვოკატმა.