25 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
გადაუვადდება, თუ არა მსჯავრდებულ დეკანოზს სასჯელი 17 მარტს გახდება ცნობილი - ექსპერტები გიორგი მამალაძის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ

გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში დასრულებულია. გადაუვადდება, თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში მყოფ დეკანოზს სასჯელი, ამის შესახებ გადაწყვეტილება 17 მარტს გახდება ცნობილი. დღეს დაიკითხა 6 ექსპერტი, ის სპეციალისტები, რომლებმაც პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობა ერთი წლის წინ გამოიკვლიეს და შესაბამისი დასკვნები დადეს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელის ნიკა აბრამიშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა, როგორც დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები, ასევე სასჯელაღსრულების მიერ დაბარებული სპეციალისტებიც:

"ექსპერტები ყველა, როგორც დაცვის მხარე, ასევე ჩვენი შუამდგომლობით დაბარებული ექსპერტები დაიკითხნენ სასამართლოს მიერ, მოხდება 17 მარტს პოზიციების დაფიქსირება და ჩვენი პოზიციების შესახებაც გეცნობებათ," - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (ECM) იურისტი ქეთევან ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე მოხდა სრული ინფორმაციის მიწოდება დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით:

"წინა პროცესთან დაკავშირებით ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს ინფორმაცია, ეს არის პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თავად პენიტენციურ სამსახურს არ შეუთავაზებია სასამართლოში ეტაპირება. მისი მკურნალი ექიმის დაკითხვა განხორციელდა დღეს, ეს ადამიანი უშუალოდ მართავს გიორგი მამალაძის შემთხვევას და მას შესაბამის მონიტორინგს და მკურნალობას უწევს. მან დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის იგივე, რაც შემოსვლის ეტაპზე იყო, კერძოდ მას მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურში მოძრაობა აქვს მოსპობილი,"- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ექიმი-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე მძიმე მდგომარეობაშია და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამდაგვარი პაციენტის ადეკვატური მკურნალობა შეუძლებელია:

"დასკვნაში ასახულია ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციები, რომელიც ჩვენმა ცენტრმა გასცა და ძირითადი აქცენტი იყო დიაგნოზის შესაბამისობაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რაც სჭირდება მას, მას სჭირდება ადეკვატური მკურნალობა. ამდაგვარი მძიმე პაციენტის აქ მკურნალობა, რომელსაც სჭირდება მულტიდისციპლინარული, მულტიპროფილური, ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა არის შეუძლებელი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე როცა მივა საქმე, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი ნახავს, როგორ იქნება გათვალისწინებული," - აცხადებს გიორგი ბერულავა.

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ ტარდება სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში გიორგი მამალაძის ფსიქოთერაპია, როდესაც თავად მამალაძე აცხადებს, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ ხელს აწერინებენ დოკუმენტზე იმის შესახებ, რომ მასზე 24 საათიანი თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობს:

"დღეს ჩვენ არ მოგვეცა მაგის საშუალება, რომ დეტალურად შეგვესწავლა მდგომარეობა, მაგრამ რაც უფრო გახანგრძლივდება მისი ასეთი მდგომარეობა, თქვენ იცით რომ არის ფსიქოგენური ჰემიპლეგია, რა თქმა უნდა, ინვალიდიზაცია გაგრძელდება და შემდგომში შეუძლებელი გახდება საერთოდ ადეკვატური მკურნალობა. სასჯელაღსრულება ჯიუტად აცხადებდა, რომ თურმე კონფიდენციური ფსიქო-თერაპიის საშუალებაც აქვთ და მკურნალობის საშუალებაც, თუმცა იქ თვითონ გიორგი მამალაძემ მათ უთხრა, რომ 3 თვეში ერთხელ მას ხელს აწერინებენ იმაზე, რომ მასზე 24 საათიანი თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში როგორ ატარებენ ფსიქოთერაპიას და რომელი კრეპელინი და ფროიდი ჰყავთ, ბოდიში მომითხოვია და მესმერი კიდე, ძალიან მაინტერესებს," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის ძმა მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლების ან საპატრიარქოს მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა არ განხორციელდება, 17 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება იქნება მიღებული:

"თუკი ვინმე არ ჩაერევა გარედან ეს იქნება მთავრობის წარმომადგენელი თუ საპატრიარქოს წარმომადგენელი, იმ გამოკვლევებით რაც დღეს ჩატარდა მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასამართლოში 17-ში  აუცილებლად მოხდება სასჯელის გადავადება," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დღის ამბები