09 სექტემბერი 2026,   15:20
ვრცლად
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულებს გერმანული კომპანიის დირექტორად გააცნო თავი და თითქოსდა ,,Mercedes-Benz“ ცენტრიდან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მათთვის შეძენის მოტივით 222 700 ევრო ჩაარიცხვინა საკუთარ ანგარიშზე. ბრალდებულმა ჩარიცხული თანხა მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ხოლო დაზარალებულებს თითქოსდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი გაუგზავნა.

ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 656 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დღის ამბები