ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
საკოორდინაციო ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, უკვე გამკაცრებულ კანონმდებლობასთან ერთად, სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდას შეუწყონ ხელი.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა. შესაბამისად, დღეს დღის წესრიგში დგას არა კანონმდებლობის გამკაცრება არამედ, სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პრევენციული და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება. დაინიცირებული კანონპროექტი სწორედ მონიტორინგისა და პრევენციის ერთ-ერთი ნაწილია," - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლელა აქიაშვილი.
ქალთა მიმართ გაზრდილ ძალადობის ფაქტზე, სხვადასხვა უწყების მხრიდან რეაგირების მოხდენის ვალდებულებაზე საუბრობს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის - ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რაც სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. სწორედ ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა არის პრევენციის ერთ-ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე განხორციელდეს ელექტრონული მონიტორინგი," - აცხადებს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი, გოგა ხატიაშვილი.