18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ აქცია გამართა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები მაღაროების მუშაობას აპროტესტებენ და ზარალის სანაცვლოდ კომპენსაციას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, მაღაროების გამო მათ სოფელს საფრთხე შეექმნა, დაზიანდა სახლები და ზარალს არავინ უნაზღაურებთ. მათ ოცდამეერთე დღეა, მაღაროების ნაწილი პიკეტირებული აქვთ და მოთხოვნების შეუსრულებლობამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მოსახლოებამ დღეს მერიის წინ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და ხელისუფლებას პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, სოფელი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ასევე მერიის წინ კარვებს გაშლიან. ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ".

გოგი წულაიას განცხადებით, მოსახლეობა საკუთარი სახლების დაცვას ოთხოვს და ხელისუფლებამ და კომპანიამ მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები განახლდა. აკაკი გოგოჩაიშვილი განმარტავს, რომ სოფელ შუქრუთში სამუშაოებს ექსპერტები აწარმოებენ, მოხდება ზარალის შესწავლა და ყველა პირი, არა მარტო შუქრუთი, არამედ ყველგან, ვინც დაზარალებულია კომპანიის მიერ მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას.

"განახლდა მოლაპარაკებები, მიმდინარეობს კონსტრუქციულ რეჟიმში, კომპანიას აქვს კომპენსაციის კონკრეტული სქემა შეთავაზებული, რომელიც ექსპერტების მიერ არის შემუშავევული, მეტწილას არის გაზიარებული და ახლა დეტალებზე მიდის მუშაობა. ეს დღეები სპეციალური მმართველი იყო ასული სოფელში, დაათავალიერეს სახლები, ეს პროცესი იმედია მალე დასრულდება. ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ გავაჟღერებთ, დაველოდოთ. კომპანიას აქვს გაცხადებული ცალსახად, რომ ყველას, არა მარტო შუქრუთში, არამედ, სადაც კომპანია ოპერირებს და მიადგა ზარალი, ან მიადგება სრულად აუნაზღაურებს შემუშავებული სქემის მიერ, რომელიც იქნება სამართლიანი,"-განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები