09 სექტემბერი 2026,   13:57
ვრცლად
პანიკა სოფელ ხუნევში - მოსახლეობა თანასოფლელის კარანტინში გადაყვანას მოითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში მოსახლეობა თანასოფლელის კარანტინში გადაყვანას მოითხოვს.

ადგილობრივების თქმით, მათი მეზობელი ოთხი დღის წინ, იტალიიდან მეუღლის გარდაცვალების გამო დაბრუნდა, რასაც  ადგილობრივებში პანიკა მოყვა.

ადგილობრივები ვირუსის საფრთხის გამო მოქალაქის კარანტინში გასვლას მოითხოვდნენ და შიშობდნენ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ. მომხდარის გამო, გასვენებაში არავინ მივიდა და, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთმა ოჯახმა შიშის გამო სოფელი დატოვა.

იტალიიდან ჩამოსული ლიანა ლომიძე აცხადებს, რომ მას არაფერი სჭირს და ნებართვით წავიდა სახლში. მისი თქმით, ის საჩხერეში მიჰყავდათ, რის შემდეგაც ჯანდაცვის ნებართვის საფუძველზე სახლში გაუშვეს. მისივე თქმით, მეზობლების პანიკა უსაფუძვლოა, რადგან ყველა შემოწმება გაიარა. ლიანა ლომიძე ასევე ირწმუნება, რომ სოფელი შიშის გამო არავის დაუტოვებია. ლიანა ლომიძის თქმით, ის იზოლაციაში გადავა, თუმცა არა ხარაგაულის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე.

ადგილზე იმყოფება სოფლის რწმუნებული, რომლის თქმითაც, ელოდებიან ჯანდაცვის წარმომადგენლებს, რომლებიც კანონშესაბამისად იმოქმედებენ. მისივე თქმით, მოსახლეობა ინფორმირებული იყო და მათ პირბადეები დაურიგეს.

დღის ამბები