ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მოსახლეობა ტურისტებს დაუპირისპირდა. ადგილობრივების უკმაყოფილება მათ კორპუსში პოლონელი ტურისტების დაბინავებამ გამოიწვია. საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, გუშინ ბინაში შვიდი ტურისტი მიიღო, რასაც ადგილობრივების აგრესია მოჰყვა, როგორც ის იხსენებს, მოსახლეობამ მათი ბინიდან დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა, მიზეზად კი კორონავირუსის საფრთხე დასახელდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს, ტურისტები სხვა სასტუმროში გადაიყვანეს, დღეს კი მომხდარის გამო, ტურისტებმა ქვეყანა დროზე ადრე დატოვეს.
"მას შემდეგ, რაც დავაბინავე ტურისტები, ადგილობრივებმა მისი გაყვანა მოითხოვეს, განსაკუთრებით აქტიურობდა სუს-ის ყოფილი თანამშრომელი დათო გრიგალაშვილი. ისინი ყვიროდნენ, რომ ტურისტები მათ საფრთხეს უქმნიდნენ, ილანძღებოდნენ. ავუხსენი, რომ ეს ადამიანები, როდესაც ჩამოვიდნენ საქართველოში, მაშინ პოლონეთში ვირუსი არ იყო დაფიქსირებული, მაგრამ არაფრის მოსმენა უნდოდათ. შეშინებული ტურისტები ბინაში არ დარჩნენ დღეს, კი სავარაუდოდ, ამის გამო ქვეყანა დატოვეს. ძალიან ცუდი ფაქტები ხდება, აგრესიის გამო ქვეყანაში ტურისტებს საფრთხე ემუქრებათ," - განაცხადა ზურაბ კვეტენაძემ.
როგორც ადგილობრივებმა "კურიერთან" განაცხადეს, მათი პროტესტი ვირუსის შიშმა გამოიწვია და არ სურთ, დროებით, მათ გვერდით უცხოელები იყვნენ. ისინი მომხდარს შიშით ამართლებენ, თუმცა აგრესიას გამორიცხავენ.