ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ის გამოწვევები განიხილეს, რაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე სხვადასხვა სექტორს შეეხო, მათ შორის პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა პირბადეების ადგილობრივი წარმოების საკითხი.
კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და მოქალაქეებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
შეხვედრას 20-მდე სამკერვალო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოში მაღალი სტანდარტის პირბადეების შეკერვა იქნება შესაძლებელი.
"გამოიკვეთა რამოდენიმე მასალა, რომლითაც შეიძლება დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მეწარმეებს,"- განაცხადა ნათია თურნავამ.