18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
#დარჩისახლში - კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური იარაღი ამ რჩევის გათვალისწინებაა

პირბადე, სათვალე, ხელთათმანები, - სამართალდამცველების ეკიპირებას, უკვე მესამე კვირაა ახალი ატრიბუტები დაემატა. პოლიციელის ისედაც სარისკო პროფესიას კორონავირუსმა კიდევ უფრო მეტი საფრთხე და გამოწვევები შესძინა.

კრიმინალებთან ბრძოლის პარალელურად, პატრულის თანამშრომლებს ახლა უკვე იმ უპასუხისმგებლო მოქალაქეების დევნაც უწევთ, რომლებიც წესებს არ ემორჩილებიან და გარშემომყოფების სიცოცხლეს საფრთხეს გააზრებულად უქმნიან.

სახლში დარჩენილების უსაფრთოებაზე ზრუნვას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობენ მეხანძრე-მაშველები. ეკიპირება აქაც განახლდა. ინფექციისგან დამცავი სპეციალური ტანსაცმელი რამდენჯერმე უკვე გამოიყენეს, როცა რისკის ჯგუფის პაციენტები სახლიდან დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და ექიმებთან ერთად, მაშველების დახმარებაც დასჭირდათ.

მეხანძრეები ამბობენ, რომ ხანძართან ბრძოლა უფრო მარტივია, ვიდრე უხილავ მტერთან, რომელიც საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალებს თანდათან იკრებს.

სახლში დარჩენა ახლა ერთადერთი ეფექტური გამოსავალია, რომ საქართველომაც ჩინეთის, იტალიის, ირანის და სხვა მაღალი რისკის ქვეყნების ბედი არ გაიზიაროს. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომებს იგრძნობთ და სტაციონარში გადასვლის სურვილი გექნებათ, თქვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმები მოგაკითხავენ. სწორედ ისინი დგანან ამ ბრძოლის მთავარ, წინა ხაზზე. ამის გამო გუშინ მოქალაქეებმა მედიკოსებს მადლობა საყოველთაო ტაშით გადაუხადეს. თუმცა, ექიმების თქმით, აპლოდისმენტებთან ერთად, ადამიანების მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გაახარებდათ.

აპლოდისმენტებამდე და ბედნიერ ფინალამდე ჯერ ისევ შორია. ამას ყველა აღიარებს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაუმკლავდება საქართველო ვირუსის შიდა გავრცელებას. სახელმწიფომ უკვე მიიღო დამატებითი ზომები, დღეს ჩაიკეტა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა მესაზღვრეები მუშაობას ისევ განაგრძობენ, ისინი სამშობლოში სპეცრეისებით დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ელიან

პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, ექიმები, - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ვინც სახლში ვერ დარჩება, რადგან ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა ახლა მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ამ და სხვა სარისკო პროფესიების წარმომადგენლებს სწორედ ეს გამოარჩევთ სხვებისგან, რომ რთული ვითარების დროს 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობა უწევთ.

 მას კი, ვისაც დროებით იზოლაციაში ყოფნის საშუალება აქვს, მარტივი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს: #დარჩისახლში

დღის ამბები