ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების გამოვლენის შემდეგ მარნეულში ეპიდემიოლოგებმა 4 ათასზე მეტი ოჯახი შეისწავლეს, ჯამური რაოდენობით - 20 ათასი ადამიანი.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში" აღნიშნა, ამ 20 ათასი ადამიანიდან 25-ს ცხელება აღენიშნება, 5-ს სუნთქვის უკმარისობა. ყველა მათგანს ტესტი უკვე გაკეთებული აქვს და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.
მინისტრის მტკიცებით, მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ყველა კონტაქტი შესწავლილია. ახლა კი, მიმდინარეობს მოკვლევა, რატომ დაგვიანდა პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე.
"თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდის შემთხვევაზე ეჭვის მიტანა საქართველოში დღემდე, ყველა რეკომენდებული საერთაშორისო გაიდლაინით ხდებოდა მხოლოდ იმ ისტორიის საფუძველზე, იმყოფებოდა თუ არა უცხოეთში, სადაც არის ინფიცირების ზონა, ეს იყო საფუძველი, რომ ექიმები შესულიყვნენ შეცდომაში და დღესდღეობით, ზოგადად, არსებული ვირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდის პნევმონია მიეჩნიათ ჩეულებრივ ვირუსულ ფილტვების ანთებად.
ჩვენ ვაძლიერებთ ქსელს და გაიდლაინი, რომელიც იყო მიჩნეული, რომ დღემდე შეიძლებოდა ყოფილიყო ტრანსპორტირებული ვირუსის შემთვევაში მხოლოდ, დაიხვეწა და დღეიდან, გაცილებით მეტი პაციენტი დაიტესტება და ბევრად გაღრმავდება პრევენციული ღობისძიებები," - ამბობს ტიკარაძე.
მინისტრის განცხადებით, ქალის 4 ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, დღეს კი გვყავს დამატებით 2 პაციენტი, რომელიც, ასევე, არის მარნეულის კლასტერიდან.