18 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ნატო საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერისთვის ახალ ზომებს იღებს

2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა, საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა:

✓ საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;
✓ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
✓ საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
✓ უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.

"ხსენებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბრისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს.დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები