18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
გვექნება რამდენიმე ათასეული შემთხვევა, 20-30%-ს დასჭირდება რეანიმაციული ღონისძიებები - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში COVID 19-ის ინფექციის შიდა გავრცელება უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

მანვე აღნიშნა, რომ თუ თავს არ შევიკავებთ თავშეყრისგან, მაისის პირველ ნახევარში კორონავირუსის რამდენიმე ათასეული შემთხვევა დაფიქსირდება.

"დღეს რამდენიმე ასეული ნიმუშია შემოსული 5 სხვადასხვა ლაბორატორიაში. ეს 30 შემთხვევა ნიშანია იმისა, რომ სერიოზული შიდა გავრცელება გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ინფექცია ტრიალებს, შეიძლება, ზოგჯერ უსიმპტომოდაც, თუმცა, უსიმპტომო ბევრად ნაკლებია, ვიდრე სიმპტომებიანი. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პირველივე სიმპტომებიდან (ტემპერატურა, ხველა, ყნოსვის დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ) აუცილებელია მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ მისი რეკომენდაციებით.

ვატყობ, რომ ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ მოძრაობაა, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია კიდევ უფრო სწრაფი ზრდა, ამის ნიშანი ჩვენ, გუშინ გვქონდა. 
ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის, ერთ-ერთ მოდელზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს და მაისის პირველ დეკადაში, რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება, რომელთა 20-30%-ს დასჭირდება რეანიმაციული ღონისძიებები, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგები.- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ  მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან შეზღუდვით დაწესებული წესები. 

"ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო, დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილებისგან თავი შევიკავოთ, რა თქმა უნდა, მწუხრის სუფრისგანაც შევიკავოთ თავი და შევიკავოთ თავი სხვა რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები