18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ჩაკეტილი ქალაქები და გადატვირთული მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე - როგორ შეხვდა მოსახლეობა გამკაცრებულ რეგულაციებს

ათობით ავტომობილი და გადატვირთული მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე - ასე შეხვდნენ მოქალაქეები ხელისუფლების მიერ დაანონსებულ გამკაცრებულ რეგულაციებს. მკაცრი რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობამ თბილისის დატოვება დაიწყო. ეპიდემიის უკონტროლო გავრცელების რეალური საფრთხის გამო თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღის განმავლობაში შესვლა და გამოსვლა აკრძალული იქნება.

ახალი შეზღუდვების მიხედვით ჩაკეტილ ქალაქებში შესვლას მხოლოდ ადგილზე რეგისტრირებული მოქალაქეები შეძლებენ, თუმცა 10 დღის განმავლობაში ისინი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ვეღარ დატოვებენ. გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც ეპიდემიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს.

განსაკუთრებული რეჟიმის მიუხედავად, ამ ეტაპზე, შიდა გადაადგილება არ იზღუდება. მოსახლოებას ქალაქში მოძრაობა კომენდანტის საათის ამოქმედებამდე შეუძლია, თუმცა სოციალური დისტანციის და რეკომენდაციების გათვალისწინებით. შეზღუდვა არ ეხება თბილისის შემოგარენს. 

COVID 19-ის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხის გამო დილიდან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები რეგიონებშიც. სავარაუდოდ, შეზღუდვები უახლოეს დღეებში აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრდება. იმერეთის გუბერნატორმა დღეს დაადასტურა, რომ ქუთაისის და ზესტაფონის სასაფლაოები დაიკეტება. "კურიერის " ინფორმაციით, ეს შეზღუდვა სხვა რეგიონებს და დედაქალაქსაც შეეხება.

მოქალაქეების ნაწილს მიაჩნია, რომ წესების გამკაცრება აუცილებელია, ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალ რეგულაციებს მოუმზადებლები ხვდებიან და ხელისუფლებას ქალაქების ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე უნდა გაევრცელებინა.

როდის მოიხსნება ქვეყანაში გამკაცრებული რეჟიმი, ეს ვირუსის გავრცელების მასშტაბზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული. ამ დროისთვის, ქვეყნაში ყველა ბლოკ პოსტზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და დილიდან ყველა ქალაქის შესასვლელში შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეირაღებული ძალების დამატებითი დანაყოფები დგანან.

დღის ამბები