თბილისისა და რეგიონების ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებიან. მრევლს ტაძრებში მისასვლელად 3 საათი რჩება, ზუსტად 21 საათზე იწყება კომენდანტის საათი და ამ დროისათვის ყველა ადგილზე უნდა იყოს.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, საპატრიარქო და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ დიდ ეკლესიებში ღვთისმსახურებას მრევლი დაესწრება. პატარა ტაძრებში კი მოქალაქეები ეზოში იქნებიან.
მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების ნაწილის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის, ნაწილი კი ეკლესიებში მრევლს ელოდება და დისტანციის და უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობას დებს.
"რა თქმა უნდა, გაგებით ვეკიდებით ამ რთულ პერიოდს, როდესაც ასეთი დიდი განსაცდელია დედამიწაზე, ჩვენმა ეპარქიამ და მღვდელმთავარმა მოუწოდა, რომ ადამიანი, რომელსაც რაიმე ფიზიკური პრობლემები აღენიშნება ან ასაკობრივი შეზღუდვა აქვს, არ მოვიდეს, არ დაესწროს, ეს არ შეერაცხება მას ცოდვად და ჩვენ შევეცდებით, რომ ადგილზე მივიდეთ მრევლთან და სახლში ვაზიაროთ ეს ადამიანები,"- აცხადებს ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა დავით გოგიტიძე.
ქუთაისში სააღდგომო ლიტურგია ბაგრატის ტაძარში უცვლელი წესით ჩატარდება. 23:00 საათზე დაიწყება შუაღამის მსახურება, რომლის დასრულების შემდეგაც ლიტანიობა იქნება. სასულიერო პირები, ეკლესიის მსახურები და მრევლი ტაძრის ირგვლივ სააღდგომო საგალობელს შეასრულებენ. მრევლს ტაძარში მისვლა ფეხით ცხრა საათამდე მოუწევს. ტაძრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი გიორგი ამბობს, რომ მრევლი რეკომენდაციებს იცავს.
"დისტანცია დაცულია და მრევლიც ამ წესებს ჩვეულებრივად ემორჩილება. ხალხიც ფიქრობს, რომ ამოვიდეს 9 საათამდე, 11 საათზე დაიწყება შუაღამის მსახურება, შემდეგ ცისკარი ლიტანიობასთან ერთად," - განაცხადა ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ.