48 წლის მამაკაცი, რომელიც ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, ადგილობრივების განცხადებით, საავადმყოფოში იმყოფება.
ადგილობრივების თქმით, დაკავებული, სავარაუდოდ, პოლიციამ სცემა.
ადგილობრივები ინციდენტის დეტალებზე დამატებით ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაკავებულს თავდაპირველად, ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიციელები გამოჩნდებოდნენ, უთანხმოება მოუვიდა მის მეზობელთან და ნათესავთან, რომელთან ანგარიშსწორებას ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობდა.
"რაღაც მოხდა უბანში წაკამათება. იარაღი აიღო ალბათ და ამ დროს პოლიცია რომ მოვიდა, ატყდა ჩხუბი. თოფის წართმევის დროს პოლიციელი დაჭრა, როგორც ჩანს. არ ვიცით ოღონდ რა ხდება. საავადმყოფოში წევს, ნაცემია. სავარაუდოდ პოლიციამ სცემა. აქედან კარგად წავიდა ადამიანი და არ ვიცი აბა ვინ სცემდა?!" - განაცხადა ადგილობრივმა.
როგორც ცნობილია, დაკავებისას მამაკაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
"კურიერი" ასევე დაკავებულის ბებიას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ დაპირისპირების დეტალები მისთვის უცნობია.
"თოფი გაუყვია ღობეში. მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი, თორემ არავინ მიყვება. ჯერ დედამისი უცემია, შემდეგ პოლიციელი დაუჭრია," - აღნიშნა დაკავებულის ბებიამ.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.