25 ნოემბერი 2020,   17:18
ვრცლად
ჩემს წინააღმდეგ იყო მკვლელობის მცდელობა, მაგრამ საქმე შეკერეს, როგორც ხულიგნობა - ენზელ მკოიანი

მედიაში ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც პეტროსიანების წინააღმდეგ საქმეში უმრავლესობის წევრი ენზელ მკოიანი ფიგურირებს.

სამველ პეტროსიანის ადვოკატის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ისვრიან დამიზნებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმის შვილი პეტროსიანების მისამართით.

"გამოძიება დაადგენს ყველაფერს, თუმცა ერთის თქმა შემიძლია დაბეჯითებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამველ პეტროსიანი არავის არ ესვრის. ის ისვრის ჰაერში, იცავს თავის საკუთრებას, რადგან კონფლიქტი მისი ოჯახის საკუთრებაზე - კაფეზე ხდება. ამიტომ მას დამიზნებით არავისთვის უსვრია. ის იცავს თავს და თავის შვილს,"- აცხადებს სამველ პეტროსიანის ადვოკატი. 

თავად ენზელ მკოიანის განცხადებით კი, ის თავს იცავდა, რადგან პირველად მისი მისამართით ისროლეს.

"პეტროსიანის მხრიდან ჩემი მისამართით სამი გასროლა განხორციელდა, ყველაფერი პოლიციაში მოვყევი. დაკავებულია პეტროსიანიც და ჩემი ძმის შვილიც. კადრები, რომელიც დღეს გავრცელდა, სწორედ ამ შემთხვევას ასახავს და ნაწილია სრული ვიდეოს ჩანაწერის. ეს ვიდეო მე თავად მივაწოდე პოლიციას. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც. ადვოკატი იტყუება და ცდილობს მის დაცვას. იარაღი, რომელიც ჩემს ძმის შვილს ჰქონდა ცეცხლსასროლი არ არის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი იარაღი, ჩემი და პეტროსიანის იარაღი ამოიღეს. მე არ ვმფარველობ ჩემს ძმის შვილს, მის დაცვას სამართლიანად ვცდილობ. 

ჩემს წინააღმდეგ იყო მკვლელობის მცდელობა, მაგრამ საქმე შეკერეს, როგორც ხულიგნობა, მე კი თავის დაცვას ვცდილობდი,"- განაცხადა ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" მდივანმა ენზელ მკოიანმა

ინციდენტი ახალქალაქის ცენტრში 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ახალქალაქში, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.  

დღის ამბები