საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ განაცხადა, განმარტა, რომ მათ პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკოსს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, პოლიტპატიმარი არ ეწოდება.
"არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ზვიადისა და მერაბის შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, საბედნიეროდ, დღეს დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ. გასაგები რომ იყოს, დავამატებ, რომ პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია," -განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილება მან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით მიიღო.
"ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას - დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული, წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი - მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს,"- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.