18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
გიორგი რურუას საქმე - ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რურუას გათავისუფლებით ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი აარიდოს 

გიორგი რურუასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, სხდომაზე რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა. უკვე არსებულ გარემოებებს და ბრალდებას კი გიორგი რურუამ დღეს კიდევ ერთხელ უწოდა უსაფუძვლო.

პროცესზე დაცვის მხარემ მხოლოდ აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, რურუა უკანონო პატიმარია და მისთვის გირაოს მოთხოვნას ამ მოტივით არ აპირებენ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თუ სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს არ მიუთითებენ, მაშინ ბრალდებულის გასათავისუფლებლად ესეც საკმარისია.

პროცესზე დღეს ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ის ავტომობილი გააჩერა, რომელშიც რურუა იჯდა. სასამართლოს წინაშე ბრალდებამ კიდევ 24 მოწმე უნდა წარადგინოს. პროკურორის თქმით, რურუას გათავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად რჩება. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რურუას გათავისუფლებით ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი აარიდოს.

გადაწყვეტილებას ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მმართველ გუნდში კი დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას გამორიცხავენ.

გიორგი რურუას საქმეზე მომდევნო სხდომა 20 მაისს გაიმართება. დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას ამ სხდომაზეც აპირებს.

 

დღის ამბები