26 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
ბრიტანეთს კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნა სურს, რასაც ანალიტიკოსები ეწინააღმდეგებიან

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მზარდია. მიუხედავად რეკომენდაციებისა, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა პროტესტმა მოიცვა. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა რეგულაციების მოხსნას ითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა მძიმეა და ეპიდემიის პარალელურად ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.

COVID - 19-ის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნა სურთ გაერთიანებული სამეფოშიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ხანგრძლივ შეზღუდვებს ვერ დააწესებენ და აუცილებელია ეტაპობრივად მათი შემსუბუქება.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, ექსპერტების მხრიდან უკვე მოჰყვა მკაცრი კრიტიკა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კოვიდინფიცირების სტატისტიკა შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა და, შესაძლოა, ამან ინფიცირების რაოდენობის საგანგაშო ზრდა გამოიწვიოს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გააკრიტიკა შოტლანდიის პირველმა მინისტრმაც ნიკოლას სტერჯენიმ. დიპლომატის თქმით, თუკი გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდვები ნაწილობრივ მაინც მოიხსნება, შესაძლოა ხელისუფლებამ პანდემიის გავრცელებაზე კონტროლი სრულად დაკარგოს.

რეგულაციების მოხსნას გერმანიაში ინფიცირების სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ COVID - 19-ის შეჩერება ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID - 19-ის 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალურად დასრულდა 11 შემთხვევა.

შეზღუდვები მოიხსნა წმინდა ქალაქებშიც. ისრაელმა ალ აქსას მეჩეთში მომლოცველების დაშვების განკარგულება გასცა. პარალელურად, საუდის არაბეთმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ მეჩეთებში მომლოცველები დაუშვა. შეზღუდვები კვლავ მოქმედებს მუსლიმთათვის ერთ ერთი წმინდა ქალაქში მექაში, რომელიც მორწმუნეებს 21 ივნისიდან მიიღებს.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები