გამოკითხვების ახალი სერია უსაფრთხოების სამსახურში - რამდენიმე საათში სუსში მოწმის სტატუსით მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ელოდებიან.
"ადვოკატმა შემატყობინა, რომ 12:00 საათზე ვარ დაბარებული დასაკითხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩემი ინფორმაციით, დაკითხვა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ ატეხილ უთანხმოებას შეეხება. ვფიქრობ, ამ საკითხის უკან ქრისტიანული ეკლესია არ დგას, პირიქით, ჩვენი რელიგიები ყოველთვის იყო ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის მაგალითი. ჩემი აზრით ამ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკური ძალები დგას. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გაერთიანება დიდ ძალას წარმოადგენს, რაც რუსეთის სახელმწიფოს არ აწყობს და ცდილობს, შუღლი ჩამოაგდოს ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიას შორის," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, "ატა ჰოლდინგის" დირექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარემ ზუმრუდ ნარიმანოვიმ.
საქმე ეხება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე გამოძიებას, რომელიც 10 დღის წინ დაიწყო. უკვე გამოიკითხა მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი, ასევე მარნეულის მერი და მისი მოადგილე.
"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მოტივი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კარანტინისა და დავით გარეჯში გასულ წელიწადს არსებული ვითარების დროს, ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით სოციალური ქსელში გაკეთებული მწვავე განცხადებები აღმოჩნდა.