ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გორის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის შედეგები და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები იყო.
კელი დეგნანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია კვლავ გამოწვევად რჩება და აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები.
"შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი - მათ შორის, COVID 19-ის შედეგები და მთავრობის რეაგირება ამ კრიტიკულ სიტუაციაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოწვევა ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს, კვლავ გვიწევს რეკომენდაციების და რჩევების დაცვა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ რეგიონის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაზე. ასევე, განვიხილეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული მდგომარეობა. ის, თუ როგორი ზიანის მომტანია არსებული გამყოფი ხაზი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. შევეხეთ იმ უკანონო ბორდერიზაციას, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს," - განაცხადა კელი დეგნანმა.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები და ისაუბრეს რეგიონის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაზე.