"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევას ეხმაურება.
ბეჟაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების უმეტესობა ხელისუფლებისადმი ლოიალურადაა განწყობილი.
"საკონსტიტუციო სასამართლოში პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინეს ოკუპირება. რეალურად 2/3 საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტებული არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალური ფიგურებით. ამიტომ დიდი განსხვავება გვარებს შორის არ იქნება. მთავარი კრიტერიუმი თავმჯდომარის ასარჩევად იქნება ლოიალობა ხელისუფლების მიმართ, რაც ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ზოგადად ქვეყნის კონსტიტუციურ განვითარებაზე და საზოგადოების საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის თვალსაზრისით," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - თანამდებობისთვის 2 მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა, იბრძვის.
იმერლიშვილმა და ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით უკვე მიმართეს. ტურავას კანდიდატურა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, იმერლიშვილის კი ოთხმა. განცხადებების განხილვის შემდეგ დასახელებულ კანდიდატურებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა უყაროს კენჭი. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 5 ხმაა საჭირო. პლენუმის სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უფლებამოსილების ვადა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, ამოეწურა.