სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დიდუბის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის ქალის კონტაქტები მოძიებულია. მას შემხებლობა ჰქონდა შვილთან, სიძესთან და შვილიშვილთან. სამივე მათგანი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებული თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში არავისთან უკონტაქტია, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ინფიცირება რეგიონში არ მომხდარა.
"როდესაც თბილისიდან დაბრუნდა, იმავე საღამოს ქალბატონმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ის თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა ეს ქალბატონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც, როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციების თანახმად, ცხელების ცენტრებისა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირება უტარდებათ 7 დღეში ერთხელ," - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
შუახნის ქალს კორონავირუსი დღეს დაუდასტურა, რის შემდეგაც დაინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.