რამდენიმე საათი გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაში ოთარ სირაძის გამოკითხვა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და ამბროლაურში მომხდარი პროვოკაციაა.
"სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის არიდება ვერ შევძელი და უფრო მეტად უნდა გამომეჩინა თმენის ვალდებულება და არ ავყოლოდი ამ პროვოცირებას. გამოძიებას ეს ჩვენებები მივეცი, დავიკითხე, როგორც მოწმე ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ამ ინციდენტის ინიციატორი იყვნენ სუსის ორგანიზებით ჩამოყვანილი ახალგაზრდა პროვოკატორები," - განაცხადა ოთარ სირაძემ.
მას ერთ-ერთი აქტივისტის ცემაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ საქმე ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.
პროვოკაციაზე საუბრობენ თავის მხრივ "ახალგაზრდა მწვანეებიც". სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი წარმოადგენენ არაპარტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას.
"ბრალდება, თითქოს ჩვენ ვიყავით სცენარის შემქმნელები, წინასაარჩევნო პროვოკაციაა და მიზნად ისახავს "ახალგაზრდა მწვანეების" დისკრედიტაციას," - ნათქვამია განცხადებაში.