ოჯახის ადვოკატი და დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მიმართვას აქვეყნებს, რომლის ადრესატიც ის დაკავებული და დაზარალებული პირები არიან, რომელთაც გიორგისთან ბოლო შეხება ჰქონდათ.
მირიან ნიკოლაძე მათ მოუწოდებს, ბოლო შანსი გამოიყენონ და სიმართლე თქვან:
"კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშუალება ათასი ჯურის ავანტიურისტს, ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად. ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე - რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი.
ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ.
თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება.
მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა - გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება,"- წერს მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.