26 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
5 საათიანი სპეცოპერაცია ზუგდიდში – კრიმინალურმა პოლიციამ ქალაქის ცენტრში "ტყის ძმების" მეთაურის დავით შენგელიას შვილი დააკავა

"ტყის ძმების" მეთაურის დავით შენგელიას შვილი, დავით შენგელია დღეს სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის საცხოვრებელი კორპუსიდან გამოვიდა და ავტომობილისკენ მიდიოდა.

სპეცოპერაცია დღის პირველ ნახევარში დაიწყო და დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დაახლოებით პირველი საათისთვის საპატრულო პოლიციასთან ერთად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული.

სამართალდამცველებმა ჯერ დაკავებულის ავტომობილი გაჩხრიკეს, შემდეგ დალუქეს და მოგვიანებით დამატებითი შესწავლისა და ექსპერტიზის მიზნით ევაკუატორით გადაიყვანეს.

დაკავებულის ადვოკატის პაატა სოტკილავას თქმით, აღმოჩნდა თუ არა რაიმე საეჭვო შენგელიას კუთვნილ ავტომობილში, მისთვის უცნობია. პაატა სოტკილავა მანქანისა და შენგელიას პირად ჩხრეკას არ დასწრებია. თუმცა დაკავებულის უფლებადამცველი იქ იყო, როდესაც ჩხრეკა დავით შენგელიას სახლში ჩატარდა. პაატა სოტკილავას თქმით, სამართალდამცველებს ბინიდან საეჭვო არაფერი ამოუღიათ.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა - ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ბრალდებაა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - "მეტადონი" და "ლირიკა" ამოიღეს. ასევე, სამინისტროს ცნობით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6,785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

დაკავებული დავით შენგელია დადიანის ქუჩაზე დაახლოებით ერთი წელია ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კერძო ბიზნესი აქვს.

დავით შენგელია თბილისში, მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გრძელდება.

დღის ამბები