03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მესამე განყოფილების უფროსი დავით სარიშვილი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტაციონარში ერთი წლით მოთავსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 ლარი. გარდა ამისა, დაკავებულმა იმავე მოქალაქეს გამოართვა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის საპენსიო ბარათი, რათა შემდგომში ყოველთვიურად დაუფლებოდა ბარათზე დარიცხულ საპენსიო თანხას - 100 ლარს.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები