ვაჟა გაფრინდაშვილი ქვემო ჭალაში ჩავიდა. ექიმმა,რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში 48 დღე გაატარა, ზაზა გახელაძის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ და დაჭრილ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მეუღლესთან ერთად შეხვდა.
"ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გახელაძის ოჯახს იმ მძიმე ვითარებაში რომელშიც ისინი დღეს არიან. ჩემს ოჯახს გამოვლილი აქვს ეს მწვავე სიტუაცია და ვიცით რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს.
აუცილებელია ყველას თანადგომა: პრეზიდენტის, მთავრობის, ხალხის, რომ ზაზამ თავი მარტოდ არ იგრძნოს. ეს თანადგომა სჭირდება ყველა დაკავებულს, მაგრამ ზაზას განსაკუთრებით, რადგან რაც მოხდა მსგავსი გაუგონარი შემთხვევა მგონი ბოლო 10 წელი არ მომხდარა.
ცხინვალი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს, ზაზამ ხან 2, ხან 8, ხან 10-ჯერ ისროლა, ახლა 5-ჯერო, ხვიჩა მღებრიშვილს ღამურების კოლექცია ჰქონდაო, ვიღაც შეიძლება პუტინზე თავდასხმის მცდელობა დააბრალონ.
ახალი პრაქტიკა აქვთ, პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს უკერავენ, მხოლოდ ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით აღარ იფარგლებიან. ამიტომ, ამ ყველაფერს ჩვენი ერთიანობა და თანადგომა უნდა დავუპირისპიროთ," - განაცხადა გაფრინდაშვილმა შეხვედრის შემდეგ.