03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ოჯახურ ძალადობას კომპლექსური გამოკვლევა სჭირდება, - აცხადებს პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორის ჯგუფს ოჯახური ძალადობის თემაზე სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილი უწყებათაშორისი ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო.

„ჩართეთ ყველა სპეციალისტი, საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა უფლებებსა და მათ სოციალურ ინტეგრაციაზე მუშაობენ. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეტალურად ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩავრთოთ პროცესში ჩვენი საზოგადოება," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ოჯახური ძალადობის მიზეზებს კომპლექსური გამოკვლევა სჭირდება.

„ის, რაც ხდება, კომპლექსურად გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია - აგრესიას, წლების განმავლობაში ნანახის და მოსმენილის, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილი წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე," - განაცხადა პრემიერმა.

უწყებათაშორისი ჯგუფის პირველ შეხვედრას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და განათლების მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები