შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ არსებობს აბსოლუტური საფუძვლები, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიება არამარტო შეიცვალოს, არამედ გაუქმდეს კიდევაც. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელზეც 17 დაკავებულიდან 11 სრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, ან გაგრძელებაზე უნდა იმსჯელონ.
ალექსანდრე კობაიძე გიორგი შაქარაშვილის ბიძის სკანდალურ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში სხვა პირებთან ერთად არჩილ გაგნიძეც მონაწილეობდა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთ, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ფიგურირებს.
"რასაც ბატონი ნიკოლაძე საუბრობს, უნდა აღინიშნოს, რომ დროში და სივრცეში აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობაც დღესდღეობით გვაქვს საქმეში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და არ არის ფაქტობრივად გამყარებული რაიმე ფორმით. აქედან გამომდინარე, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ბრალდებამ ეს ვერსია შემოგვთავაზოს, რაც დაზარალებულ მხარეს გააჩნია," - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა უკანონოდ მიაჩნია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები აქვს გიგა ტატიაშვილის ადვოკატ გიორგი ყიფშიძეს:
"აღკვეთის ღონისძიების გამოყენება გადაიხედება ყველასი. მოლოდინის რეჟიმი მაქვს აბსოლუტურად უარყოფითი და დადებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა საერთოდ უკანონოდ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ დატოვებენ პატიმრობაში, ანალოგიურად მოხდება სხვა დანარჩენებზეც, თუმცა გამორიცხული არც არაფერი არაა. ადვოკატები ჩვენს სათქმელს ვიტყვით პროცესზე, პოზიციას დავაფიქსირებთ, მაგრამ ჯერი მაინც სასამართლოზეა," - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
ავტორი: სალომე უერთაშვილი