19 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
"სამსახურიდან იყო, თუ ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ, არ ვიცი" - ბაჩალიაშვილის დედა შვილის გარდაცვალებაზე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს რომ გამოძიება განგებ ფერხდება და მისი არასწორად წარმართვა ხდება.  თეონა თამაზაშვილის თქმით, ის საგამოძიებო უწყებებს არ მისცემს საშუალებას, რომ ეს საქმე უბრალოდ დაიხუროს:

"როგორც ძებნა შეაფერხეს, გამოძიებაც ტაატით მიჰყავთ, არავინ მიკავშირდება, არავინ საქმის კურსში არ მაყენებს. რა ვერსიაზეა ლაპარაკი, რა ვერსიით მიჰყავთ. ვეჭვობ, რომ რაღაცების მიწებება და მიტყეპება უნდათ და ასე უბრალოდ დახურვა. მე ამ წუთას არ შემიძლია, მაგრამ არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ჰააგაშიც და სადაც კი რამე მოიძიება," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, რადგან გარკვეულ საფრთხეს ელოდა. მისი თქმით, ეს გარკვეულწილად მისი შვილის საქმიანობას უკავშირდება.

"თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც, იმიტომ რომ ისე იყო მოწყენილი, წამო, დედა გავისეირნოთ მეთქი და არა, რაღაც სამუშაო მაქვსო. სულ კირკიტებდა რაღაცას, ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე. ფაქტია რომ რაღაც კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. სამსახურიდან იყო, თუ ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ, არ ვიცი," - ამბობს თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის იმ დღის დეტალებზეც საუბრობს როცა მისი შვილი დაიკარგა:

"ვინმესთან შესახვედრად... ვიღაცას ჰყავს გატყუებული, არაა ეს გოგო იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა? სახლში მოვედი თუ არა მე მაშინვე მაგას მივხვდი, იმიტომ რომ ეს თავის კომპიუტერს არასოდეს ტოვებდა სახლში, დიდი ხნით რომ გასულიყო 4-5 საათით მაინც, სულ თან დაჰქონდა. ზუსტად არ მახსოვს ვინ მითხრა, მინდორს ვეძებო, ყველას ეგ უკვირდა რა მინდორს ეძებდა, სულ მინდორია ირგვლივ. კონკრეტულ მინდორს ეძებდა," - განაცხადა  თეონა თამაზაშვილმა.

23 წლის ქალის გარდაცვალებას მის საქმიანობას უკავშირებს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძაც. კობა თამაზაშვილი მიიჩნევს რომ შესაძლოა ახალგაზრდა ქალი ვინმეს ტერორის ქვეშ მოექცა:

"მივდივართ იქამდე, რომ ხომ არ შეიძლება თამუნას სამსახურეობრივად რაიმე დისკომფორტი შეექმნა. ვერსიაა, რომ რამე ისეთი ხომ არ ჩაუვარდა თამარს ხელში, რამე ისეთთან წვდომა ხომ არ ჰქონდა, ან ვინმეს მუქარის ქვეშ ხომ არ იყო, ძალდატანების ან ტერორის ქვეშ. სხვა ვერსიებზე რომ ვიფიქროთ, ოჯახში ატმოსფერო ისეთი იყო, რომ თამუნას ყველაფერში ხელს უწყობდნენ, შეყვარებული არ ჰყავდა, სხვა რა შეიძლება იფიქრო," - აღნიშნა კობა თამაზაშვილმა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

 

 

დღის ამბები