09 სექტემბერი 2026,   18:36
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატის თქმით, ნ.ხ. არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა​

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. საუბარია ნ.ხ.-ს ადვოკატზე. ნ.ხ. აგარაკის ინციდენტში მონაწილეობს კიბის ეპიზოდში, როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამის შემდეგ ის ვახტანგ ჩიქოვანთან ერთად ბრუნდება თბილისში და უკვე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, თუ რა მოხდა არაგვის ხიდზე.

საქმის მასალებში დევს ნ.ხ.-ს ჩვენება და ასევე მისი სოციალური ქსელის მიმოწერა. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ამ სოციალური ქსელების მიმოწერებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნ.ხ.-ს არანაირი ინფორმაცია დაპირისპირების შესახებ არ ჰქონია.

"მიზანმიმართულად არ ხდებოდა, რომ მაინც და მაინც მარტო ეს მიმოწერა ყოფილიყო წაშლილი. ამ შემთხვევაში ამ მიმოწერაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის აბსოლუტურად. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეიძლება დაწერა, რომ ლოგიკურად ახვალ, რომ გაარკვიო უცნობი როცა გიტეხავს თავს, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ასულა. იქ აბსოლუტურად არ არის განზრახულ ანგარიშსწორებაზე საუბარი. ეს არის გაბრაზებული ადამიანის ანალოგია. რამდენჯერ გვითქვამს თუნდაც ჩვენს მეგობრებზე, რომ აი მაგას ახლა მოვკლავ, სადაც ვნახავ მოვკლავ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განზრახული გვაქვს რაიმე დანაშაული," - განაცხადა არასრულწლოვან ნ. ხ.-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები