რა აკავშირებს ლერი სულაბერიძესთან პირს, რომელიც გუშინ მისი მისამართით ისროდა - პირი, რომელიც პოლიციამ ამ საქმისთვის დააკავა, ისევ პოლიციის შენობაშია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს.
ცნობილია, რომ ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში დღეს დილიდან მიიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, დაზარალებულმა ამოიცნო.
მოწმის სტატუსით მიყვანილი სავარაუდო დამნაშავის უფლებადამცველი ადასტურებს, რომ მას ლერი სულაბერიძესთან ნაცნობობა აკავშირებს. ადვოკატი კახა წერეთელი მისი ვინაობისა და დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იცნობდა სულაბერიძეს, სხვა დეტალების გახმაურებისგან მე შეგნებულად თავს შევიკავებ. ის იმყოფება მოწმის სტატუსით ამ ეტაპზე პოლიციის სამმართველოში, ტარდება გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც ის იღებს მონაწილეობას. მისი ვინაობის გახმაურებისა და სხვა დეტალებისგან მე ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. ის მოწმის სახითაა დაბარებული და დაკავებული არაა. ამოცნობა არ ყოფილა," - განაცხადა კახა წერეთელმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა "დინამოს" წილებთან იყოს დაკავშირებული, რომელზეც დავა ამ დრომდე გრძელდება. ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს ლერი სულაბერიძეს "დინამოს" სტადიონთან საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.