გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები არ ადასტურებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნაძალადევიდან მცხეთაში შურისძიების მიზნით ჩავიდნენ. როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, ჩასვლის მიზანი მანქანების წამოყვანა იყო.
"ისინი იმიტომ არ ჩავიდნენ, რომ იქიდან მეგობრები ჩამოეყვანათ, ჩავიდნენ, რომ მანქანები ჩამოეყვანათ. იქ დარჩნენ მათი მეგობრები, მათი მეგობრების მანქანები. აქ საუბარია იმაზე, რომ მძღოლი, რომელიც იქნებოდა ფხიზელი, დაჯდებოდა ამ მანქანაზე. ისინი რომ ჩავიდნენ, იქ აღარ დახვდათ, წამოსულები იყვნენ უკვე. აქ საუბარია მერაბიშვილზე და შერმადინზეც. ამათ ხომ არ იცოდნენ რომ მათი მეგობრები აგარაკიდან ფეხით წამოვიდნენ," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი ზაქარია გვიშიანი არ ეთანხმება შაქარაშვილის საქმის 23-ე ტომის ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნაძალადევიდან მცხეთაში ჩასული პირები აქტიურად არკვევდნენ იმას, თუ სად იმყოფებოდნენ წვეულების სტუმრები:
"მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან და საქმეში რა მასალებიც არის, ნათელია, რომ მიბრუნდნენ რათა მანქანა წამოეყვანა თენგო ბარბაქაძეს. თავდაპირველად იკითხეს, შემდგომში ამის მოკითხვა არ ყოფილა," - აცხადებს ზაქარია გვიშიანი.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.