ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში. ნინო ლომჯარიას მოადგილეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები შეხვდნენ. მათ მიაწოდეს ომბუდსმენის აპარატს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლო დარღვევაზე, რომელიც მათივე თქმით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა. მათ შორის საუბარია ზეწოლაზე, რომელსაც, ადვოკატების მტკიცებით, დაზარალებული მხარე განიცდის.
"შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. მივაწოდეთ კონკრეტულად ინფორმაცია ზეწოლების შესახებ, თვალთვალი, მიყურადება, არაადეკვატური სატელეფონო ზარები. კონკრეტულად საქმეებთან დაკავშირებით ცალკე გვექნება შემდგომში კიდევ შეხვედრები, ახლა უბრალოდ ზოგადად იყო საუბარი სხვა საქმეებზე, რომელზეც ჩვენ ვთვლით, რომ ამ საქმეებში ჩართულობა არის სწორედ ზეწოლის გააქტიურების საფუძველი," - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი დამატებით საკითხებს შეისწავლის. ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მუდმივ მზაობას აფიქსირებს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ კუთხით შეხვდეს.
"ჩვენ ბუნებრივია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში თუ კი გამოიკვეთება, რომ ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, დამატებით ამ კუთხით შევისწავლით ამ საკითხებს. ეს შეხვედრა უბრალოდ შეეხებოდა იმას თუ რა მუქარები, გარკვეული ზეწოლები სოციალურ მედიაში ხორციელდება ამ მიმართულებით. აპარატი, ისევე როგროც სახალხო დამცველი მზაობას ყოველთვის აფიქსირებს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ კუთხით შეხვდეს. ჩვენ ბუნებრივია ვაკვირდებით ამ პროცესს, საკმაოდ საჯაროდ მიმდინარეობს, ვნახავთ როგორ განვითარდება და ამის მიხედვით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას," - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
სახალხო დამცველთან შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სპეციალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ მიმდინარეობს მათზე ზეწოლა. ეს კი მათივე შეფასებით, სავარაუდოდ საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობაზე უკმაყოფილებას უკავშირდება.
ავტორი: სალომე უერთაშვილი