19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა - ნინო ქადაგიძის ბოდიში და პირველი კომენტარი

დღეს სასამართლომ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გათვალისწინებით, ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ყოფილი პრემიერის ვაჟი, ყოფილი პარლამენტარისა და ბიზნესმენის შვილიშვილის მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარემ 50 000 ლარის ოდენობის გირაო მოითხოვა თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მხარე რომელიც მომხდარიდან დღემდე დუმდა - დღეს ალაპარაკდა. სასამართლო სხდომაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახი. პროცესის დაწყებამდე საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა ბუსა ჟვანიას დედამ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თოფაძეებიდან კომენტარი მხოლოდ დაზარალებულის დეიდამ გააკეთა.

სასამართლოში გადაყვანამდე ექიმებმა ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქად შეაფასეს და კლინიკიდან გაწერეს.

ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულება სამართალდამცველებთან ერთად საკუთარი ფეხით დატოვა.

ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება უკვე ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილი ლევან თოფაძე. ის უკვე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან და მალე პალატაში გადაიყვანენ. თოფაძეს ექიმების მეთვალყურეობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დასჭირდება. კლინიკაში ამბობენ, რომ მისი გამოკითხვა ჯერჯერობით ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია.

დღეს "კურიერის" ობიექტივში მოხვდა შემთხვევის ადგილი, რომელიც ლევან თოფაძის მამამ დაგვათვალიერებინა, თოფაძეების სახლში ამ დრომდე რჩება სისხლის კვალი.

მთელი დღის განმავლობაში როგორც კლინიკაში, ასევე პოლიციის განყოფილებაში, რამდენჯერმე მივიდა დაზარალებულის პაპა. გოგი თოფაძემ დღეს მედიისთვის კომენტარი აღარ გააკეთა. მან ბოლო განცხადება გუშინ გვიან გაავრცელა, სადაც ჟვანიების მხრიდან მოლაპარაკებების მცდელობაზე საუბრობდა. თოფაძემ ბრალდებული სიმულიაციაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ის უნდა დაისაჯოს. ბიზნესმენის გაცხადებიდან მალევე ჟვანიას ბრალი დაუმძიმდა და საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.

დღის ამბები