გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ჯერჯერობით, ვერ დაუსახელეს.
"გავეცანი დაკითხვის ოქმებს. ამაზე დაწვრილებით ბატონი მიხეილი გააკეთებს კომენტარს. ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. კამერების ჩანაწერებს დრო უნდა, რომ ამოვიღოთ და ყველა კამერა გავშიფროთო. FBI-ის ჩართულობის თარიღს ზუსტად ვერ მეუბნებიან. ირაკლი შოთაძეს სავარაუდოდ შევხვდებით. დრონის კადრები არსებობს და ამ ეტაპზე, ვერ იქნა ნანახი. აქამდე ვაკუუმში ვიყავი."- განაცხადა ბაჩალიაშლის დედამ.
გარდა ამისა, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, გამოსაკვლევია.
"გამოსაკვლევია ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნება ზოგადად. საიდან მოვიდა, ვინ არის და რას წარმოადგენს არ ვიცით ამის შესახებ. თვითონ მოვიდა," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გარდა ამისა, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. დღეს ოჯახი აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში მივიდა.