თამარ ბაჩალიაშვილის დედისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.
"თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე მიეწოდათ ინფორმაცია სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების "ფეისბუქის" და "გუგლის" ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქის", "ინსტაგრამის", "ვოთსაფის" და "გუგლის" მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე "გუგლით" სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია "ფეისბუქი" სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.
საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ეტაპობრივად ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.
საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას,"- ნათქვამია განცხადებაში.