19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
თეთრიწყაროს სოფლების მოსახლეობა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. როგორც გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე უნდა განიხილონ ერთ-ერთი პოლიციელის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელმაც მის მეუღლეს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ "მათი შვილი მაგარ შარშია."

"სხვა მოწმე არ გაგვაჩნია ბაჭულაშვილთან დაკავშირებით. მე თვითონაც მივადე ყური ჩემი მეუღლის ტელეფონს, როცა ესაუბრებოდა და იგივე გავიგონე, რაც ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ თქვენი შვილი მაგარ შარშიაო,"-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

იმავეს ადასტურებს გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

"რომ დავურეკე, ბაჭულაშვილმა ​მითხრა, შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო და მაგასთან დაკავშირებით. ეს მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ ახლა გენინსპექციაში, ვნახოთ, რას იტყვიან ამაზე. ამას ველოდებით დიდი ხანია, არაფერი რეაგირება ამაზე დღემდე არ ყოფილა. ველოდებით რა იქნება,"-განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

​ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შესაძლო მოწმეებსა და მეზობლებზე ზეწოლაზე საუბრობს. 

"ლეპტოპს ჰქონდა ფლეშკა, რომელიც დაკარგულია. გარკვეული პირები (მანქანის ნომრებიც არის დაფიქსირებული) სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომლებიც მოდიან და მეზობლებზე ახდენენ ზეწოლას, იღებენ ფოტოსურათებს. ამავდროულად, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების თითქმის მთელი მოსახლეობა არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, დღეს ბაჩანა ლობჟანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების საქმეზე ფლობს ახალ ინფორმაციას და სურს ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები