დღეს საბურთალოზე ათეულობით სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის მანქანა იყო მობილიზებული -"სითი მოლი" აფეთქებას გადაურჩა.
სავაჭრო ცენტრში დილით გაზის მძაფრი სუნი შენიშნეს, შესაბამისი სამსახურების ადგილზე გამოძახების შემდეგ კი გაირკვა, რომ "სითი მოლის" შენობაში განთავსებულ გუდვილის სამზარეულოში რამდენიმე გაზქურა ჩართულ მდგომარეობაში იყო დატოვებული.
"გუდვილის" ადმინისტრაციაში მომხდარს მზარეულის დაუდევრობა უწოდეს, თუმცა "თბილისი ენერჯი" განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ გუდვილის სამზარეულოში გაზქურის ერთდროულად 8 სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული, ხოლო გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინება არა დაცვის თანამშრომლისგან, არამედ ადგილობრივი მოქალაქისგან შევიდა.
"სითი მოლსა" და "გუდვილში" სავაჭრო პროცესი დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.