03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
მოხეში 14 პირი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამოა დაკავებული

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 14 პირი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება შსს-მ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს.

ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ სამუშაოებს აპროტესტებდა და კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ. სამართალდამცველები შენობის პერიმეტრს შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იცავდნენ.

პოლიციელებმა მოქალაქეებს სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა, ხოლო 3 მოქალაქე - პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის.

სოფელ მოხეს წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე თბილისში პრემიერთან შესახვედრად ჩამოვიდნენ. თუმცა, თბილისში მათ მხოლოდ პრემიერთან არსებული რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეძლეს გასაუბრება.

დღის ამბები