17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში - ხათუნა გოგორიშვილი ნეპოტიზმზე საუბრობს

"ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება - ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამაზე, რომლის სახელია "ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი" ჩოხატაურში.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, თუმცა, მისი მტკიცებით, ჩოხატაურის მერი სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ თანხას საკუთარი ინტერესისთვის იყენებს, ახლობლებს ასაქმებს და მათ ხელფასებს სწორედ ამ თანხით იხდის. 

"ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხულ იქნა 96 500 ლარი და ამ თანხიდან 87500 ლარი ამ პროგრამაში დასაქმებულ 7 თანამშრომელს ხელფასს მოხმარდა და მხოლოდ 9000 მოხმარდა პროგრამას. ამ პროგრამას შეგვიძლია ძალიან გამართულად დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში,"-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ ბრალდებები "კურიერთან" საუბრისას უარყო და განაცხადა, რომ მემორანდუმი "საქართველოს" წითელ ჯვართან გაფორმდა და საკადრო პოლიტიკასაც ისინი განაგებენ. 

"ჩვენ წითელ ჯვართან ვთანამშრომლობთ, მას ვაფინანსებთ და საკადრო პოლიტიკა აბსოლუტურად დამოუკიდებელია მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან. ეს საკითხი ჩემთან კი არა წითელ ჯვართანაა გასავლელი, ვინ ნიშნავს ამ ადამიანებს, ვინ დანიშნა, ვინ შეარჩია. საქართველოს წითელმა ჯვარმა, რომელთანაც ჩვენ მემორანდუმის საფუძველზე, სწორედ იმ აქტივობის განხორციელებისათვის ბოლო 2 წლის განმავლობაში, დიახ, 96 ათასზე ცოტა მეტი თანხა გვაქვს გადარიცხული,"-განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. 

დღის ამბები