03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
მოხეში დაკავებულების გათავისუფლებას ახალციხის პოლიციის შენობასთან ითხოვენ

ამ წუთებში ადიგენის პოლიციასთან ადგილობრივი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა იკრიბება. ისინი დილას მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

14 ადგილობრივი მუსლიმი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ადიგენში ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის ასაშენებლად დაწყებულ დემონტაჟის სამუშაოებს ხმაური მოჰყვა, რომელიც პოლიციისა და ადგილობრივების დაპირისპირებით დასრულდა.

ლაპარაკია შენობაზე, რომელშიც წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა. ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მასში კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს.

ადიგენის გამგებლის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება ადგილობრივ გამგებელსა და მუფთს შორის ცოტა ხნის წინ შედგა. თუმცა დღეს მუფთი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ის გამგებელს მხოლოდ შემოთავაზების მუსლიმ ხალხთან მიტანას დაჰპირდა და მოსახლეობა ამის წინააღმდეგია.

ადგილობრივი მართლმადიდებლები აცხადებენ, რომ ადიგენში მეჩეთი უკვე არსებობს და ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე, რომელსაც სტატუსი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შეეცვალა, ბიბლიოთეკა უნდა გაიხსნას.

საკუთარი მოთხოვნების გამოსახატავად ისინი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან უკვე გაემგზავრნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები