მთავარი საგამოძიებო უწყების მიმართ, გირგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების ბრალდებებს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა უპასუხა.
"დღის კურიერში" ამირან გულიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე არასდროს არ განიხილავდა ჩანთას, როგორც გადამწყვეტ და უტყუარ მნიშვნელოვან მტკიცებულებად მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით და დაცვის მხარის მიერ საქმის ამ ნაწილზე მუდმივ აპელირებას არასწორი მოლოდინის შექმნად აფასებს.
"ბრალდებულის დაკარგულ ტანსაცმელთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადება. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსია, რომ მტკიცებულებათა გაყალბების თვალსაზრისით, ლოგიკურად, რომ გავაგრძელოთ და დავასრულოთ მათი ნათქვამი, სავარაუდოდ გულისხმობენ, რომ ბრალდების მხარეს დასჭირდა დნმ და ამ მიზნით განახორციელა მისი საცვლების ქურდობა. დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის საქმეში ისედაც არის ბრალდებულის დნმ-ის ნიმუში, იმიტომ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზევე მოხდა კონფლიქტში მონაწილე პირებისგან, სხვადასხვა ტიპის ნიმუშების აღება. საკვლევი ობიექტი ბრალდების მხარეს, რომლიც ამ ეტაპზე ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, უკვე აქვს და შესაბამისად საექსპერტო ნიმუშისთვის, ამ ბრალდებულის ნიმუშის გამოყენება ისედაც ხდება. ამიტომ გაურკვეველია რა მოტივიაციებს აფუძნებს დაცვის მხარე ამ ლოგიკას, მტკიცებულებათა გაყალბების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ჩანთის აღმოჩენას და ჩანთაზე არსებული დნმ-ის საკითხს, ესეც გარკვეულწილად, დაცვის მხარისგან შექმნილი მოლოდინი არის, რომ ბრალდების მხარე იქ აუცილებლად აღმოაჩენდა რომელიმე ბრალდებულის ნიმუშს. რეალურად მოცემულობა არის ისეთი, რომ დნმ ნიმუში, თავისი არსიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ამაზე ისაუბრებენ შემდგომში, ის შეიძლება დარჩეს, ან შეიძლება არ დარჩეს. გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემო პირობები, სადაც ხდება კვალის ფორმირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრალდების მხარე არასდროს არ განიხილავდა ჩანთას, როგორც გადამწყვეტ და უტყუარ მნიშვნელოვან მტკიცებულებად მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით,"- განაცხადა "დღის კურიერში" საუბრისას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულიაშვილმა.