"ევროპული საქართველო" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორუფციულ სქემაზე საუბრობს.
ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა ონლაინ აუქციონზე დაახლოებით 50 ათასი კვ.მ გაიტანა, რომელში მონაწილეობაც მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შეძლო.
აღნიშნულმა პიროვნებამ მიწის ნაკვეთი შესყიდვიდან 21 დღეში ნაწილებად დაყო და 6 პიროვნებას მიჰყიდა. მათ შორის, მთელი ფართობის 40% მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფიშვილის მამამ და ძმამ შეისყიდეს.
აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმავე პერიოდში გაყიდული ნაკვეთების ფასი 20-25 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც 50 ათასი კვ.მ-ია, ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საწყისი ფასი იყო 2 ლარი და 50 თეთრი და პირველივე ბიჯზე ეს ნაკვეთი თბილისელმა პენსიონერმა ლილიანა კაზარიანმა შეიძინა. ეს კორუფციული სქემაა. თანხა კონკრეტულად ოზურგეთის მოსახლეობას აკლდება. მე კი ვპირდები მათ, რომ ეს კორუფციული სქემები ნამდვილად დასრულდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივანი ხათუნა გოგორიშვილი.
ზარალი მუნიციპალიტეტისთვის კი, ორ მილიონ ლარზე მეტია. შედეგად გათავისუფლდა ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, რომელიც სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული დღემდე არაა.