გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების თარიღის დადგენა ისევ ვერ ხერხდება. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირთ ექსპერტებს, რომლებიც ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში იკითხებიან. ისინი თავად საუბრობენ დეტალებზე, რა სურათიც ოფიციალურ დოკუმენტებში აღწერეს. ამას გარდა, გამოძიებას ჯერ არ აქვს იმ ექსპერტიზის შედეგი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რა დრო გაატარა ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარმა წყალში.
"ექსპერტებს ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ანუ, საუბარი არ ყოფილა არც 225-ე და არც 143-ე მუხლზე, აქ საუბარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, მასზე მიყენებულ დაზიანებებზე - სიცოცხლის დროინდელზე, ასევე, სიკვდილის შემდგომ განვითარებულ დაზიანებებზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებმა საკუთარი ინფორმაცია მოახსენეს სასამართლოს. გარკვეული დროს ამბობენ, თუმცა როდის მოხდა გარდაცვალების ფაქტი, ზუსტ დროს ექსპერტიზა ვერ გვეუბნება,"- განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.
გიორგი მერაბიშვილის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, ექსპერტებმა გიორგი შაქარაშვილის გვამის დაზიანებების, ამ დაზიანებების ხანგძლივობის და იმ პერიოდის შესახებ ისაუბრეს, თუ როდის შეიძლებოდა გვამს მისდგომოდა ესა თუ ის დაზიანება.
"ექსპერტებმა მისცეს ჩვენებები სასამართლოს თავიანთ მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევების შესახებ, გიორგი შაქარაშვილის გვამის დაზიანების შესახებ, ამ დაზიანებების ხანგრძლივობის შესახებ და იმ პერიოდის შესახებ, თუ როდის შეიძლებოდა გვამს მისდგომოდა ესა თუ ის დაზიანებები. ვინაიდან გიორგი მერაბიშვილს მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი არ აქვს წარდგენილი, ჩვენს მიერ ნაკლებად იქნა საინტერესოდ მიჩნეული ამ ექსპერტების დაკითხვა, თუმცა რამდენიმე შეკითხვა მაინც დავუსვით,"- განაცხადა ადვოკატმა.