19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი, დაახლოებით 30 წლის კაცი, მათი მეზობელი არაა. ისინი ყვებიან, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ, თუმცა ამბობენ, რომ შენიშნეს როგორ მირბოდა ადამიანი, რომელსაც დანა ჰქონდა ფერდში გაყრილი. მათივე თქმით, ის მალევე დაეცა და გარდაიცვალა.

თვითმხილველები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანებაზეც საუბრობენ. 

გარდაცვლილი შემთხვევის ადგილზე ავტომანქანითაა მოსული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ბრიგადები.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები