03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
გიორგი აბდალაძე 2011 წელს ჯაშუშობის მუხლით დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხეს

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, მთავარ პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც თავად განაცხადა, დაკითხვის სურვილი მან და იმ ფოტორეპორტიორებმა გამოთქვეს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმეზე იყვნენ დაკავებულები.  

აბდალაძის თქმით, შესაბამისი განცხადებით პროკურატურას სწორედ მან და მისმა კოლეგებმა მიმართეს, რის საფუძველზეც ის უწყებაში დაიბარეს.

აბდალაძე ამბობს, რომ ძირითადად ციხეში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. დაკითხვა დღესაც გაგრძელდება, რის შემდეგაც უწყებაში, სავარაუდოდ, დანარჩენ ფოტორეპორტიორებსაც დაიბარებენ. 

როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი აბდალაძემ განაცხადა, კვლავ ძალაში რჩება მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეს მოეხსნას გრიფი საიდუმლო და გასაჯაროვდეს, რადგან, მისი თქმით, დეტალები არც მათთვის არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ფოტორეპორტიორები 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის მუხლით დააკავეს.

დღის ამბები