"რუსთავი 2" 21 წლის გახდა. პირველი ივნისი ის დღეა, როდესაც "რუსთავი 2" ეთერში პირველად გავიდა. ამ იუბილეს ტელეკომპანია ეროსი კიწმარიშვილის გარეშე პირველად ხვდება.
მიუხედვად იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა კომპანიის მფლობელობაზე უარი 2004 წელს თქვა, "რუსთავი 2" მას გასულ ზაფხულს სიყვარულით და მადლიერებით გამოემშვიდობა. იმ დღიდან, როდესაც ის საკუთარ მანქანაში ერთადერთი მიბჯენით ნასროლი სასიკვდილო ჭრილობით იპოვეს, 11 თვე გავიდა. საქმე ამ დრომდე ძიებაშია.
საქმე დახურულია, მაგრამ ოფიციალური პასუხი დღემდე საეჭვოა არხის სახის, გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებითაც. ტელეკომპანიის 21 წლიანი ბიოგრაფია პროფესიულ ასპარეზზე ყოველდღიურ წარმატებასთან ერთად პროფესიისთვის თავდადებულ ადამიანებთან განშორების ისტორიაცაა, მათ შორის არის ჩვენი ოპერატორი გოჩა რამიშვილი.
კომპანიის თბილისში გადმოსვლას, მის პირველივე სერიოზულ განაცხადს პირველი წინააღმდეგობა მოჰყვა. "რუსთავი 2–სთვის" სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევით დაიწყო ხელისუფლებისგან სერიოზული წინაააღმდეგობები.
ზუსტად 1 წლის წინ კომპანიის გენერალური დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კაბინეტებში ფარული მიყურადების ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუსახელებია. დანაშაულებრივი გზით გადაღებული ვიდეო და აუდიომასალის აღმოჩენის შემდეგ კომპანიაზე პირდაპირი და ირიბი თავდასხმები გრძელდებოდა. ბოლო სერიოზული პრობლემა "რუსთავი 2-ს" სარეკლამო დროის შესახებ ახალი რეგულაციებით შეექმნა.
მიუხედავად ყველა სირთულისა "რუსთავი 2" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დამოუკიდებელი კომპანიაა.
ავტორი:მაია ლომიძე