"ალბათ, სჯობს, ყველამ საკუთარ წარსულ ცხოვრებას, ცხოვრების წესს და ა.შ მიხედოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ესტონელი პოლიტიკოსთან, მარკო მიჰკელსონთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმითაც საქართველოში დემოკრატია დასრულებულია.
მათიკაშვილის თქმით, უმჯობესია, მიჰკელსონმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.
"ამ პიროვნების წარსულზე ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს ადამიანი გამორჩევა ანტიქართული განცხადებებით ჩვენ მიმართ, აგრესიული ტონით, უკვე, სულ მცირე, ორი წელია მაინც. შეიძლება, არც ადრე იყო საქართველოსთან მიმართებით სიტყვაწყლიანი და ტკბილსიტყვიანი, თუმცა ალბათ, სჯობს, რომ ყველამ საკუთარ წარსულ ცხოვრებას, ცხოვრების წესს და ა.შ მიხედოს. ასეთი ჩარევებისგან, რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულებულია და ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმი მყარდება. მარკო მიჰ-კელსონმა ინტერვიუ "ამერიკის ხმას" მისცა და თქვა, რომ არჩევნების შედეგები მისთვის მოულოდნელი იყო.
ესტონელი პოლიტიკოსი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკვე მეორედ ხელმძღვანელობს. მანამდე მან ეს თანამდებობა სკანდალის გამო დატოვა. 2022 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკო მიჰ-კელსონმა შიშველ ბავშვს ფოტოები გადაუღო. თავად საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ინფორმაციას შანტაჟსა და მუქარას უწოდებდა, რაც, მისი თქმით, მასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ სამეურვეო დავას უკავშირდებოდა.